Foto: Maria Bekauri

12. Juni 2014 / Christoph Pelzl

FRAN-CARD – მუზეუმის ერთლწლიანი ბილეთი

Gastbeiträge | Joanneum Digital | Kunsthaus Graz

Ein Beitrag von Marika Bekauri, FRAN des Joanneums.

ამბავი პირველი (თბილისი)

ეროვნული გალერეა რომ ხელმეორედ გაიხსნა, აი იმ ზაფხულის ერთ დღეს სოფოსთან ერთად მივედი იქ. მახსოვს, 5 ლარი ღირდა შესვლა; ჩვენ ა(ღა)რც სტუდენტები ვიყავით, არც პენსიონერები, არც უმცროსი ასაკის ბავშვები და არც შშმ პირები, მოკლედ, არანაირი შეღავათიანი ბილეთი ჩვენთვის არ არსებობდა; მერე რა, რომ უმუშევრები ან დროებით უფულოები ვიყავით, გალერეის ნახვა გვინდოდა და არც 5 ლარი იყო დიდი ფული ერთდჯერადი კულტურული ამბისთვის. ახალი გალერეაც მოგვეწონა და გამოფენაც, მაგრამ რატომღაც მეორედ იქ აღარ მივსულვართ, ეს გასეირნება ჩვენი ერთობლივი “თუ დუ ლისთის” ერთ-ერთი პუნქტი იყო – ვიყავით, ვნახეთ, ჩავფიქრდით, წამოვედით და მორჩა.

ნებისმიერი მუზეუმის ან გამოფენის ნახვის შემდეგ, შენობიდან გამოსულს იმის განცდა მაქვს, რომ რაღაც გამომრჩა, რაღაც ზედაპირულად დავათვალიერე ან საერთოდ უყურადღებოდ დავტოვე. წიგნის კითხვასავით ამბავია – როგორც კი კითხვას ამთავრებ, მაშინვე ახლიდან წაკითხვის სურვილი გიჩნდება, მთლიანი წიგნის თუ არა, რომელიმე გვერდის მაინც. ეროვნულ გალერეას რომ რაიმე შემოთავაზება ჰქონოდა, ან გამოფენის კონცეფციის და მომზადების შესახებ ყველასთვის გასაგებ ენაზე მოსაუბრე თანამშრომლები,  ერთთვიანი აბონემენტი, ერთი ბილეთის ორჯერ გამოყენების შესაძლებლობა ან რამე ამდაგვარი, იქ ხომ კიდევ მივიდოდი; მეც მივიდოდი და ალბათ კიდევ ბევრი ჩემნაირი, ვისაც იქ მეორედ მისვლისთვის მოტივაცია ეკლდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ეროვნული მუზეუმი/გალერეა უფრო მეტად სახალხო უნდა გახდეს, არა იაფი ან მარტივი, უბრალოდ ხალხისთვის მიმზიდველი, მაშინაც კი, თუკი ყოველ ჯერზე მხატვართა ერთი და იმავე თაობის ნამუშევრები გვხვდება იქ.

იქნებ გახდა კიდეც ამასობაში და მე არ ვიცი…

ამბავი მეორე (გრაცი)

იოანეუმი სამუზეუმო კავშირია (Universalmuseum Joanneum) და შტაიერმარკის რეგიონში 12 მუზეუმს აერთიანებს. მთავარი მოსაყოლი ამბავი მის მიერ ორგანიზებული Fran-Card-პროექტია, რომელიც წელს მეორედ ტარდება და მეც იმ 13 ბედნიერს შორის მომახვედრა, რომლებსაც მუზეუმის წლიური აბონემენტები დაურიგდათ. წლიური აბონემენტი! იცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ერთი წლის მანძილზე ამ 12 საგამოფენო სივრცეში იმდენჯერ შესვლას, რამდენჯერაც მომინდება, სულ რომ ყოველდღე იქ ყოფნა მომინდეს, მაინც.  და არა მხოლოდ ეს. ყველაზე უნიკალური ამ ბილეთს რაც აქვს, არის 1+1 ფუნქცია ანუ ერთი მეგობრის მუზეუმში თან წაყვანის შესაძლებლობა.

DSC_3286

წლიური ბილეთის მფლობელები მუზეუმის ან გამოფენის მონახულების შემდეგ ე.წ. Feedback-ს აწვდიან მათ. ამ პროექტის ძირითადი იდეაც ეს იყო – მუზეუმებს ჰყავდეს დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მარტო შაბლონური კომენტარებით არ დაკმაყოფილდება და კრიტიკას მოურიდებლად დაწერს საკუთარ ბლოგზე, თვითერზე ან ფეისბუქზე, რა თქმა უნდა იოანეუმის “დათაგვით”. მას, ვისაც საკუთარი ბლოგი არ აქვს (მაგალითად, მე), შეუძლია  იოანეუმის ოფიციალური ბლოგის გამოყენებაც.

გარდა ამ “ნახე-და-მოგვიყევი” ამბავისა, ჯგუფის წევრებისთვის დროდადრო შედგება შეხვედრები გამოფენების კურატორებთან, მუზეუმის თანამშრომლებთან, იქნება ტურები გამოფენის გახსნამდე და გახსნის შემდეგ, ეს შემოთავაზებები ეხება იოანეუმის სამუზეუმო გაერთიანების ყველა საგამოფენო სივრცეს გრაცსა და მის შემოგარენში.

პირველი ესეთი შეხვედრა გქვონდა 20 მაისს გრაცის ხელოვნების სახლში (Kunsthaus Graz), სადაც ამ კვირაში გერმანელი მხატვრის კატარინა გროსეს (Katharina Grosse)გამოფენა იხსნება.DSCN1367

შეხვედრის მიზანი იყო მუზეუმის რეგისტრატორთან და ხელოვნების სახლის გამოფენების კურატორთან გასაუბრება, ვერნისაჟისწინა სამუშაოს დათვალიერება, კითხვების დასმა და პასუხების მიღება. ცუდია, რომ ფოტოების გადაღების უფლება არ გვქონდა – საინტერესო სანახავი და მოსასმენი იყო ყველაფერი. შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ჩვენ მოვისმინეთ, რომ კატარინა გროსე სამგანზომილებიან ფერწერულ ტილოებს ქმნის, რომ ამ ინსტალაციისთვის საღებავები მისთვის ექსკლუზიურად მზადდება ამერიკაში, რომ გამოფენაზე ახლა მისი ატელიეს თანამშრომლები მუშაობენ, თვითონ კი გახსნამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვა, მუშაობის პროცესს 4 ვიდეოკამერა გადაიღებს, საბოლოოდ ინსტალაცია ამ საგამოფენო სივრცეში “ჩაჭმუჭნულ” ფერწერულ ტილოს დაემსგავსება, ძირითადი მასალა დაახლოებით 10 სმ სისქის ღრუბელი და საღებავები (სპრეი) იქნება და ა.შ.

DSC_3307

რაკი შეხვედრაზე ერთი მეგობრის თან წაყვანის უფლება მქონდა, ვიქტორია დავპატიჟე. ვიქტორია გერმანისტია და  მომავალი სოც.მუშაკი, თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული, უფრო მეტად კი მისით გაოცებული ადამიანი. ვიქტორიასთან ერთად გამოფენებზე წასვლა საბოლოოდ ყოველთვის სადმე ჩამოსხდომით და აზრთა გაცვლა-გამოცვლით მთავრდება; თუმცა ის ერთადერთი არაა ჩემ გარშემომყოფებს შორის, რომლებიც ხშირად სხვამენ კითხვებს “ამით რისი თქმა უნდოდა ავტორს?”, “ახლა ეს რატოა ხელოვნება, სად ხედავ აქ ხელოვნებას?” ან ამბობენ  “ამას ხო მეც დავხატავდი”, “შარლატანია ეს ვიღაცაა”, “ამაში ფულს ვინ უხდის”, ” და ა.შ…

იმ დღეს ბევრი არ გვისაუბრია, დავგეგმეთ, რომ ერთ კვირაში გამოფენაზე ერთად მოვალთ და before-after შთაბეჭდილებებზეც ამის შემდეგ ვისაუბრებთ.

ამბავი მესამე (გრაცი)

ამ ტექსტის წერა რამდენიმე დღის წინ დავიწყე, ამასობაში კიდევ ერთი მოწვევა მივიღეთ ელ-ფოსტით – 4 ივნისს ხელოვნების სახლში კატარინა გროსეს შევხვდებით, გავიგებ “რისი თქმა სურდა ავტორს” და მერე ვიქტორიას მოვუყვები.

Kategorie: Gastbeiträge | Joanneum Digital | Kunsthaus Graz
Schlagworte:

Schreibe einen Kommentar

Deine E-Mail-Adresse wird nicht veröffentlicht. Erforderliche Felder sind mit * markiert

Benutzen Sie diese HTML Tags und Attribute:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>